მესი აშშ-ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა - არგენტინელმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო #1TVSPORT
მესი აშშ-ის ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა - არგენტინელმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო #1TVSPORT

MLS-ის კლუბის, „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა.

არგენტინელმა, რომელიც 2023 წლის ზაფხულიდან თამაშობს MLS-ში, პირველი ადგილი დაიკავა SSRS-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში. ეს კომპანია, თითქმის 30 წელია, ყოველთვიურად თხოვს რესპოდენტებს, დაასახელონ თავიანთი საყვარელი პროფესიონალი სპორტმენი. ამის შემდეგ SSRS-ი ყოველ სამ თვეში ერთხელ აჯამებს შედეგებს.

MLS-ში მესის გადასვლამდე, სხვადასხვა პერიოდში საუკეთესო მხოლოდ შვიდი სპორტსმენი იყო: მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, პეიტონ მენინგი, კობი ბრაიანტი, სტეფენ კარი, ლებრონ ჯეიმსი და ტომ ბრეიდი.

მესი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი გახდა 2023 წლის მეოთხე კვარტალის შედეგების მიხედვით და ის პირველი ფეხბურთელია, ვინც რეიტინგს ჩაუდგა სათავეში. 2023 წლის პირველ კვარტალში ლიდერობდა ბრეიდი, მეორეში და მესამეში – ჯორდანი.

მესის ტრანსფერის შემდეგ ამერიკელებისთვის „ინტერ მაიამი“ საყვარელი გუნდი გახდა MLS-იდან. გუნდის ფანების ბაზა ხუთჯერ გაიზარდა. „ინტერ მაიამიმ“ „ლოს ანჯელეს გელაქსის“ გაუსწრო.

ასევე, ბოლო გამოკითხვების შედეგად, „ინტერ მაიამი“ მეოთხე ადგილზე გადავიდა ამერიკელებისთვის საყვარელი საფეხბურთო კლუბების რეიტინგში. აშშ-ში ფლორიდულ კლუბზე უფრო პოპულარულები არიან მხოლოდ „ბარსელონა“, „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.