26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება
26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და ილია მეორეს საიუბილეო თარუღს ულოცავს.
საპატრიარქოს ცნობით, 26 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა წმინდანებთან ერთად, დღესასწაულობს ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას.
1963 წლის 26 აგვისტოს, ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი) ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად.
„ამდენად, წელს სრულდება 60 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ეპისკოპოსად კურთხევიდან.
იგი არის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უხუცესი პატრიარქი, უხუცესი მღვდელმთავარი, უხუცესი არქიმანდრიტი, მღვდელმონოზონი და ბერი.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, კვლავაც მომადლოს სიბრძნე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს რთულ დროში საქართველოს გადასარჩენად.
მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ, ჩვენო დამაშვრალო პატრიარქო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.