25 ივლისს მოსკოვში რუსეთ-საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართება
25 ივლისს მოსკოვში რუსეთ-საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპული სახელმწიფოს ლიდერს რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში უმასპინძლა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ოფიციალური მოსკოვი და პარიზი ეტაპობრივად ორმხრივი ურთიერთობების მექანიზმს აღადგენენ. ეს კი, მისივე თქმით, თანამშრომლობის პოზიტიურად განვითარების შესაძლებლობაა.
საპარლამენტო კომისიის სხდომაზე მხარეები საკმაოდ სენსიტიურ თემებზე იმსჯელებენ. ესენია ევროპაში არსებული ვითარება და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა და რუსეთ-საფრანგეთის ჯგუფის კოორდინატორმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან ერთად, მხარეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების თქმით, დაგეგმილი სხდომა მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან ეს შეხვედრა ოთხი წლის განმავლობაში იგეგმებოდა. რუსეთ-საფრანგეთის საპარლამენტო კომისიის სხდომა ბოლოს 2013 წელს პარიზში გაიმართა.