24 მარტს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ორ ახალ მოსამართლე წევრს და საბჭოს მდივანს აირჩევენ
24 მარტს მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
კონფერენციაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხზე იმსჯელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს ორმა წევრმა, პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გამო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს საბჭოს წევრის თანამდებობა, საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური გახდა.
კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. ასევე, პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის, ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის, ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ აღნიშნული თანამდებობა. საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მას უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით.
აღნიშნული საკითხის გარდა, კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია იუსტიციის საბჭოს მდივნის შერჩევაც. ამ დროისთვის ამ პოსტს საბჭოს წევრი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იკავებს, მას კი თანამდებიბაზე ყიფნის ოთხწლიანი ვადა ეწურება.
კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით.
დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების განხილვაც, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კონფერენციაზე მსჯელობა შეეხოს ე.წ. ვეტინგის სისტემასაც.