24 ივლისს ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართავს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ნეთანიაჰუს თქმით, 24 ივლისს, ვაშინგტონში ვიზიტის დროს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა და ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ „სიმართლეს წარმოაჩენს“.
„მე აღფრთოვანებული ვარ, რომ მაქვს პრივილეგია, წარმოვადგინო ისრაელი კონგრესის ორივე პალატის წინაშე და ვუთხრა სიმართლე ამერიკელ ხალხს, მთელი მსოფლიოს წარმომადგენლებს ჩვენი სამართლიანი ომის შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა და სენატის უმცირესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს, რომ ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს.
ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.