24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს
გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, 24 და 25 მარტი, ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღეები, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, ტომოსი.
ამავე დღეს (1990 წლის 4 მარტს) მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც.
ასე რომ, მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა, კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.