24 800 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
„საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ინთვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.