23-24 სექტემბერს, ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა
23-24 სექტემბერს, ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა

23-24 სექტემბერს, ტრაპიზონში „ბათუმის დღეები“ გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ტრაპიზონის გუბერნიას წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომელშიც შედიოდნენ აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოადგილეები სოფო ხალვაში და ლელა სურმანიძე, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ჯაში.

მათივე ცნობით, 23 სექტემბერს ოფიციალური შეხვედრები გაიმართა ტრაპიზონის ვილაიეთის გუბერნატორთან, ისმაილ უსტაოღლუსთან და ტრაპიზონის მერთან, მურათ ზორლუოღლუსთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე და  ანკარაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიანა მალაზონია.

შეხვედრების ფარგლებში, განხილულ იქნა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის ჰუმანიტარულ, კულტურულ-სპორტულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღსანიშნავია, რომ ტრაპიზონისა და ბათუმის მერების მიერ ხელი მოეწერა მემორანდუმს „ორ ქალაქს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების შესახებ“, რა დროსაც „ბათუმის დღეების“ აღსანიშნავად გაიმართა ბათუმისა და ტრაპიზონის ქალაქების სიმბოლიკიანი სპეციალური მარკა-სუვენირის პრეზენტაცია.

ტრაპიზონში ბათუმის დღეების ფარგლებში 23 სექტემბერს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ტრაპიზონის გუბერნიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებისა და წევრების შეხვედრა, კონკრეტულად განეხილათ მათთვის საინტერესო ბიზნეს-წინადადებები და ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები. ამასთან, დღის ბოლოს გაიმართა „ბათუმის დინამოსა“ და „ტრაბზონსპორის“ 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის ამხანაგური მატჩი.

ტრაპიზონში „ბათუმის დღეების“ ღონისძიებების ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ჯაშმა შეხვედრა გამართეს აღმოსავლეთ შავიზღვისპერეთის რეგიონში მცხოვრები ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციების თავმჯდომარეებთან და წევრებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „უნიეს ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარე მეჰმეთ უთუ, „ჩარშამბას ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ომერ სემიზი, „ორდუს ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ურთიერთდახმარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ექრემ ქოშუმი, „სალიფაზარის ქართული კულტურის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ადემ იაზიჯი, სტამბოლის „ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი ფეჰმი უზალი (უსტიაშვილი), სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ორჰან ბერიძე, თურქეთის შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ქართული წარმოშობის ბიზნესმენები და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე „ჩვენებურებს“ სიტყვით მიმართეს დავით გაბაიძემ, არჩილ ჩიქოვანმა, მაია ხაჯიშვილმა, გელა ჯაფარიძემ და ლევან ჯაშმა, რა დროსაც ხაზი გაუსვეს თურქეთში მოქმედი ქართული ისტორიული დიასპორული ორგანიზაციების წვლილს, ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში. შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია თურქეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირების გაძლიერებისთვის, ასევე, ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის.

სიტყვით გამოსვლისას ქართული დელეგაციის წევრებმა აგრეთვე ხაზი გაუსვეს საქართველოს ახალ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მნიშვნელობას, რომლის თანახმადაც კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც მიუთითებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების მიმართ სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობაზე.

ამასთან, „ბათუმის დღეების“ ფარგლებში, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტრაპიზონის ტურიზმის დეპარტამენტის და თურქეთის ტურიზმისა და სააგენტოების გაერთიანების (TÜRSAB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, რა დროსაც საქართველოს, მათ შორის აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი ტურისტული პაკეტებისა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ქ. ტრაპიზონში „ბათუმის დღეების“ ფარგლებში მ/წლის 24 სექტემბერს, ტრაპიზონის მერიის კულტურის ცენტრში გაიმართა ქართული ეროვნული სამოსისა და ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოების გამოფენა. აღსანიშნავია, რომ საგამოფენო დარბაზში ასევე მოეწყო ქართული უალკოჰოლო სასმელების დეგუსტაცია, ხოლო სახაჭაპურე ქსელის „რეტრო“ მზარეულების მიერ მოხდა „აჭარული ხაჭაპურის“ ადგილზე მომზადება და მასტერკლასის ჩატარება/დეგუსტაცია, რამაც დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ამასთანვე, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გაიხსნა ტურისტული სტენდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, ხოლო სტუმრებს საინფორმაციო ბროშურები და სუვენირები დაურიგდათ. აგრეთვე, ტრაპიზონში, სამსუნში რიზეში და ცენტრალურ ავტობანზე აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით განთავსდა სარეკლამო ბანერები აჭარის ღირსშესანიშნაობების შესახებ. დღის ბოლოს, მერიის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა გალა-კონცერტი, რომელიც გახსნა ბათუმის მერის მოადგილემ, ცნობილმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ბათუმი“, აჭარის სახელმწიფო ვოკალურმა ანსამბლმა „ბათუმი“, ქართული წარმოშობის ცნობილმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა და ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჰორონი“.

კონცერტს ესწრებოდნენ ქართული ოფიციალური დელეგაციის წევრები, ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ტრაპიზონში გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული დიასპორის და მასმედიის წარმომადგენლები და ტრაპიზონის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა.