სააკაშვილი უკრაინაში  მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე დღეს უნდა დაეკითხათ
სააკაშვილი უკრაინაში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე დღეს უნდა დაეკითხათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კიევის რაიონულ სასამართლოში 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმეზე უნდა დაეკითხათ, – ამის შესახებ ევრომაიდნის აქტივისტების ადვოკატმა ევგენია ზაკრევსკაიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი მონაცემებით, დაკითხვა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე იყო ჩანიშნული. სააკაშვილი სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ქართველი სნაიპერების ვერსიას განმარტავდა.

„მოსალოდნელი იყო, რომ ის ნათელს მოფენდა ე.წ. ქართველი სნაიპერების „ვერსიას“ – მისი ჩვენებებით უნდა გახდეს გასაგები, შესაძლებელია თუ არა ბერკუტელების დაცვის „მოწმეების“ ნდობა (კერძოდ, იტალიური ფილმის „ქართველი მსახიობების“). იქნებ ამ მსახიობებს ამერიკული კინოაკადემიისგან ოსკარი ეკუთვნით“,-წერს ევგენია ზაკრევსკაია.

ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეციალური გამოძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი გორბატიუკმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის არყოფნა დაკითხვაზე გამოძიებას აზარალებს. ამის შესახებ გორბატიუკმა სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინასთან“ განაცხადა.

„მისი ჩვენებები მნიშვნელოვანია, პროკურატურა მათში დაინტერესებული იყო“, – განაცხადა გორბატიუკმა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურას ჩვენებები უკვე მისცა.

„მან მოგვცა განმარტებები იმ მონაცემებზე, რომლებიც იყო ფილმში, ეს მართლა ძალიან ლოგიკურად გამოიყურება და უარყოფს იმ მონაცემებს. ამიტომ, რა თქმა, უნდა მისი ჩვენებები მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა პროკურატურის სპეციალური გამოძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გორბატიუკის თქმით, მათ, ვინც მიიღო მიხეილ სააკაშვილის გაძევების გადაწყვეტილება, არ შეიძლება, არ სცოდნოდათ ამ დაკითხვის შესახებ და უნდა გაეთვალისწინებინათ ეს.

„არ ვიცი, რა მოხდებოდა, ერთი-ორი დღე რომ მოეცადათ“, – აღნიშნა გორბატიუკმა.

ამასთან, გორბატიუკისთვის უცნობია, დაკავშირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება დაკითხვასთან.

„თუმცა ის, რომ მისი არყოფნა უკრაინაში და შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე აზარალებს გამოძიებას, ფაქტია“, – აღნიშნა მან.

კიევის სვიატოშინსკის რაიონულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის 13 თებერვალს უკრაინის შსს-ს სპეცდანაყოფის „ბერკუტის“ ხუთი ყოფილი თანამშრომლის საქმეზე უნდა დაეკითხათ. სასამართლომ მისი დაკითხვის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიიღო, რომ საქართველოს ორი მოქალაქე კობა ნერგაძე და ალექსანდრე რევაზიშვილი მიხეილ სააკაშვილს მაიდნის მოვლენების შესახებ გადაღებულ იტალიურ ფილმში ახსენებენ.

ბრალდებული „ბერკუტელების“ ადვოკატის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მოწმეები, თუ როგორ ესროდნენ სნაიპერები ცეცხლს მაიდანზე მყოფ როგორც მომიტინგეებს, ისე სამართალდამცველებს.

იტალიური ტელეკომპანიის ეთერში გასულ ფილმს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ადვოკატებიც იყენებენ.

კიევში 2014 წლის 20 თებერვალს სროლის შედეგად მაიდანზე 53 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის აქციის 49 მონაწილე და ოთხი სამართალდამცველი.