21 თებერვლიდან გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
21 თებერვლიდან გლდანის რაიონში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, სამუშაოების დროს კერძო ავტომობილები ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილებას ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეძლებენ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება შიდაკვარტალური გზებით.
სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.
კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას გლდანის რაიონის გამგეობა განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად მოწესრიგდება და ასფალტის საფარი დაიგება.