21-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, დღეს ჯაზ-ტრიო Bad Plus-ის კონცერტი გაიმართა
თბილისი რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს მასპინძლობს. დღეს ფესტივალი Event Hall-ში ცნობილმა ამერიკულმა ჯაზ-ტრიომ Bad Plus-მა გახსნა. კონცერტის დაწყებამდე, ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი – Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო წარდგა.
29 აპრილს კლუბში „რესპუბლიკა“ მსმენელის წინაშე ამერიკული ჯგუფი Naturally 7, ასევე Jamiroquai -ის ბენდის წევრი DJ Derrick McKenzie და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.
თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში Miles Electric Band-ის კონცერტით დაიხურება, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.
ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგება კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band – ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.