2050 წლისთვის, ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტი შეიძლება ახლომხედველი იყოს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მსოფლიო ახლომხედველობის მზარდი ეპიდემიის წინაშე დგას.
ახალი კვლევის თანახმად, თუკი გასული 30 წლის მონაცემებს გავითვალისწინებთ, 2050 წლისთვის 740 მილიონ ბავშვსა და მოზარდს შეიძლება ობიექტების შორ მანძილზე დანახვა გაუჭირდეს.
ასეთი შემაშფოთებელი პროგნოზები ეფუძნება გლობალურ მიმოხილვას, რომელშიც შეისწავლეს 50 სხვადასხვა ქვეყანაში 2023 წლის ჩათვლით შეგროვებული მონაცემები მიოპიის, იგივე ახლომხედველობის შესახებ.
წინა პროგნოზები ეყრდნობოდა მხოლოდ 2015 წლამდე მონაცემებს, მაგრამ მაშინაც კი არსებობდა პროგნოზი, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ახლომხედველი იქნებოდა.
ახალი ანალიზი ჩინეთის სუნ იატ-სენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს და მოიცავდა 276 კვლევას, რომლებიც ფარავდა დაახლოებით 5,4 მილიონ ბავშვსა და მოზარდს და მიოპიის თითქმის ორ მილიონ შემთხვევას.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერმა ჯინგონგ ლიანგმა და მისმა ჯგუფმა დაადგინეს, რომ 1990-დან 2023 წლის ჩათვლით, 5-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში ახლომხედველობის მაჩვენებელი 24-დამ 36 პროცენტამდე გაიზარდა.
მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო იაპონიაში, სადაც ბავშვებისა და მოზარდების 86 პროცენტი ამჟამად ახლომხედველია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 0,84 პროცენტი დაფიქსირდა პარაგვაიში.
თუკი ბავშვებსა და მოზარდებში მხედველობა ამჟამინდელი მაჩვენებლით გააგრძელებს გაუარესებას, 2050 წლისთვის, მსოფლიოში ახალგაზრდების თითქმის 40 პროცენტი შეიძლება ახლომხედველი იყოს, დაახლოებით 740 მილიონ შემთხვევაზე მეტი.
განსაკუთრებით ცუდია სიტუაცია აზიაში, სადაც 2050 წლისთვის ახლომხედველი შეიძლება იყოს ბავშვებისა და მოზარდების თითქმის 70 პროცენტი.
მაგრამ თუკი ეს მაჩვენებელი აჩქარდება? მონაცემები მიუთითებს, რომ გასული 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2020 წლის შემდეგ, მიოპიის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა და თანაც, არა მხოლოდ რამდენიმე ადგილას.
წინა კვლევები ბავშვებში მხედველობის გაუარესებას ასევე უკავშირებდა COVID-19-ის პანდემიას. მაგალითად, 2020 წელს, ჰონგ-კონგში მკვლევრებმა დააფიქსირეს ახლომხედველობის სწრაფი ზრდა 6-8 წლის ასაკის 709 ბავშვში.
მიუხედავად იმისა, რომ მიოპიაში გენეტიკა ეჭვგარეშედ თამაშობს როლს, ამით მაინც სრულად ვერ აიხსნება ახლომხედველობის შემთხვევათა ბოლოდროინდელი აზვირთება მსოფლიოში.
კვლევის თანახმად, მაშინაც კი, თუ ბავშვს ორივე მშობელი ახლომხედველი ჰყავს, თუკი ისინი საკმარის დროს არ ატარებენ გარეთ, მიოპიის გენეტიკური საფრთხე დაახლოებით 60 პროცენტით იზრდება.
მიჩნეულია, რომ ბავშვებში მიოპიის რისკს ამცირებს გარეთ თამაში; პანდემიის დროს კი, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვები სახლში იყვნენ გამოკეტილი. ამას გარდა, იმ პერიოდში სკოლები ძირითადად ონლაინსწავლებაზე იყვნენ გადასული, რის გამოც, მოსწავლეებს ჩვეულებრივზე დიდხანს უწევდათ ეკრანთან ყოფნა.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბაღის ასაკის ბავშვებში, რადგან ისინი მხედველობის განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში იმყოფებიან, რაც ძლიერი ელასტიკურობით ხასიათდება“, — წერენ ახალი გლობალური მიმოხილვის ავტორები.
მათი განცხადებით, ახალგაზრდა მოსახლეობაში მიოპიის გავრცელების დროთა განმავლობაში ცვალებადობის გასაზომად საჭიროა მონაცემთა შეგროვება, რადგან აშკარა სხვაობებია როგორც ეთნიკურ, ისე გეოგრაფიულ ჭრილში.
მაგალითად, აფრიკაში ბავშვებსა და მოზარდებში მიოპიის მაჩვენებელი შვიდჯერ დაბალია, ვიდრე აზიაში.
ჯერ არავინ იცის, რატომ ხდება ასე, მაგრამ არსებობს კორელაცია სწავლა-განათლების ხანგრძლივობასა და მიოპიის გაჩენას შორის. სინგაპურსა და ჰონგ-კონგში, 2-3 წლის ბავშვები, სკოლაში შესვლამდეც აქტიურად არიან ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში.
„შესაძლებელია, რომ ფორმალური განათლების პრაქტიკის ადრეულ ასაკში დაწყება გავლენას ახდენდეს ბავშვობაში მიოპიის განვითარებაზე. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დროთა განმავლობაში მიოპიის ტენდენციაში გასარკვევად, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც ახლომხედველობის მაჩვენებელი სწრაფად იზრდება“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოვავლინოთ, რატომ იზრდება მიოპიის მაჩვენებელი ახალგაზრდებში და შევიმუშაოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გზები შემდეგ თაობაში მხედველობის გაუარესების წინააღმდეგ.
კვლევა British Journal of Ophthalmology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.