2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტი ელექტრონული ხმის აპარატის გამოყენებით მისცემს ხმას, დანარჩენ საარჩევნო უბანზე კი, ბიულეტენები გაციფრულდება
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სულ მცირე 70 პროცენტი ელექტრონული ხმის აპარატის გამოყენებით მისცემს ხმას, დანარჩენ საარჩევნო უბანზე კი, ბიულეტენები გაციფრულდება.
პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე მომზადებულ ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, ცვლილებების თაობაზე იმდენად არაადეკვატური იყო რადიკალური ოპოზიციის რეაქცია, რომ ეს მხოლოდ ერთი მოტივით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ მათ არ რჩებათ ადგილი სპეკულაციებისთვის და მანიპულაციებისთვის.
„ამომრჩეველთა მინიმუმ 70 პროცენტს მოვიცავთ, თუმცა მოლოდინი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა 90 პროცენტამდე გაიზრდება. იმ საარჩევნო უბნებში, სადაც ელექტრონული არჩევნები არ ჩატარდება, იქ იქნება გაციფრულება თითოეული ბიულეტენის. 70-90 პროცენტამდე უბნების მოცვა, დანარჩენი ბიულეტენების გაციფრულება გამორიცხავს სპეკულაციებს არჩევნების გაყალბებაზე და ასევე, ისეთ დეზინფორმაციულ და მოგონილ თემებს, რაც ეხება ე.წ. კარუსელებს და ა.შ. ოპოზიციას სპეკულაციების სივრცე არ დარჩება და ამიტომ სწუხან ამ ცვლილებებით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.