2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება შემცირდა
2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთების გადამუშავება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოვიდა 4021 გემი, რომელთა 31.8 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდია, 30.1 პროცენტი – კონტეინერმზიდი, 29.9 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდია, ხოლო 8.2 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებსა და ბუქსირებზე ნაწილდება.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 61.3 პროცენტით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 3.4 პროცენტით მეტი – თხევადი ტვირთმზიდი, 3.8 პროცენტით ნაკლები – გენერალური ტვირთმზიდი და 50.0 პროცენტით ნაკლები – ნაყარი ტვირთმზიდი.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 20.6 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავს, 13.7 პროცენტი – პანამის, 13.4 პროცენტი – ლიბერიის, 8.5 პროცენტი – მალტის, 6.2 პროცენტი – რუსეთის, 5.2 პროცენტი – ბულგარეთის, ხოლო 32.4 პროცენტი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3516.3 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით ნაკლებია. გადამუშავებული ტვირთის 48.6 პროცენტი გენერალური, ანუ ზოგადი სახის ტვირთია, 32.0 პროცენტი – თხევადი ტვირთი, 19.4 პროცენტი – ნაყარი ტვირთი.

ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 1.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 0.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატება გასული მგზავრების წილს და 52.6 პროცენტს შეადგენს.