2023 წლის 1-ლი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურების წესი იცვლება
2023 წლის 1-ლი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურების წესი იცვლება

2023 წლის 1-ლი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. დღეს მოქმედი კანონით, შიდა ტრანზიტი ჯამში 90 დღით გაიცემა, რომლის დღიური საფასური ერთი ლარია. ცვლილებებით კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის ერთიანი საფასური განისაზღვრება და მისი ოდენობა – 50 ლარი იქნება.

კანონპროექტით უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისთვის დადგენილი სანქცია ვადაგადაცილებულ დღეზე ხუთი ლარის ოდენობით და ასევე დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასურიც.

ასევე, ცვლილებებით უქმდება გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღით გაიცემა და რომლის ღირებულებაც 450 ლარს შეადგენს.

კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის მომსახურებით სარგებლობა პრაქტიკაში ხშირად არ ხდება და აღარ არის ამ მომსახურების არსებობის აუცილებლობა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, იცვლება ერთი წყვილი ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასური. ეს საფასური 20 ლარით იზრდება და 50 ლარს შეადგენს. ქაღალდის ტრანზიტული სანომრე ნიშნის გაცემის ნაცვლად კი, შესაძლებელი იქნება ლითონის სანომრე ნიშნის ფირნიშის გაცემა და მისი საფასური 50 ლარი იქნება.