2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი
კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 95.7%-ს შეადგენდა.
რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი აჭარაში იყო და 137%-ს უტოლდებოდა. აჭარის შემდეგ, 136%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი, 98%-ით – სამცხე-ჯავახეთი, ხოლო 85-85%-ით – ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტმომსახურებას შინამეურნეობების 72% მოიხმარდა. 66-66%-ით იყო წარმოდგენილი კახეთი და იმერეთი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა. გურიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი – 58%-ს, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი 19%-ს უტოლდებოდა.
2023 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3 385 სოფელია, საიდანაც 2 541-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 31 სოფლით მეტია.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.