2022 წლის პირველ სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება, სიგარეტის შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კონკრეტულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდეს
2022 წლის პირველ სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული სამედიცინო გაფრთხილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კონკრეტულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდეს. ამ თვალსაზრისით გამონაკლისის დაშვებას მთავრობა ითხოვს. აღმასრულებელი ხელისუფლება მიზეზად უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასახელებს.
მთავრობის განმარტებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში შეუძლებელია პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა.
მათი ცნობით, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოში უკრაინიდან იმპორტირებული სიგარეტის დაახლოებით 80 პროცენტს შეადგენს და იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელებს საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო შეექმნათ და ზემოხსენებულმა პროცესებმა იმპორტის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შემოსავლებზე გავლენა არ იქონიოს, დროებითი გამონაკლისის დაშვება იგეგმება.
ცვლილებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.
ამასთან, ცვლილებებით, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელსა და იმპორტიორს შესაძლებლობა ექნება, ჯანდაცვის სამინისტროს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე ინფორმაცია წარუდგინოს განსხვავებული წესითა და პირობებით.