საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში დეპუტატებსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა იმსჯელეს, ციფრული ლარის შემოღებაა.
2022 წლიდან ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში მოხმარებაში ჩაეშვება. ეროვნული ბანკი, საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად, საკითხზე აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
„ამ ეტაპზე გვაქვს სურვილი, რომ გამოვიდეს კანონპროექტი ციფრული ლარის ნაღდ ფულთან გათანაბრებსთან დაკავშირებით. თუმცა, ზოგადად, ციფრული ლარის პოტენციალთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო იდეა არსებობს და სამომავლოდ, დაგვჭირდება სხვადასხვა ტიპის რეფორმების შემუშავება. საპილოტე პროექტის გასაშვებად, რაც 2022 წელს არის დაგეგმილი, ეს მინიმალური ცვლილება საკმარისი იქნება“, – განმარტა შეხვედრის შემდგომ ეროვნული ბანკი ვიცე-პრეზიდენტმა.
პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ყველაზე დიდი რისკი, რაც პროცესებს ახლავს თან, დაკავშირებულია ბანკებთან. მისი თქმით, შესაძლოა, ბანკებიდან არ წამოვიდეს ლიკვიდობა ციფრულ ლარში, თუმცა ეს ცნობილი რისკია, რაც შეიძლება, ციფრულ ვალუტას ჰქონდეს. ამის მიუხედავად, როგორც ირკვევა ეროვნულ ბანკს საკითხის დაზღვევა შეუძლია. ეს კი საფულეში ციფრული ლარისთვის გარკვეული ლიმიტის დადებით არის შესაძლებელი.
ციფრული ლარის დანერგვის პროცესში აქტიურად არიან ჩართული ფინტექ კომპანიები. 100-მდე კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის დანერგვაში დაეხმაროს.
საპილოტე ეტაპზე ციფრული ლარის ფართოდ გამოყენება არ მოხდება. ის მხოლოდ შეზღუდული სეგმენტისთვის იქნება ხელმისაწვდომი ან მისი გამოყენება წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული ტრანზაქციებისთვის იქნება შესაძლებელი.