საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს საქართველოში ხუთი პროცენტით მეტი ავტომობილი დარეგისტრირდა
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, ხუთი პროცენტით გაიზარდა და 1.563 მლნ შეადგინა.
რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების მანქანა, 54.3 ათასი ავტობუსი და მიკროავტობუსი იყო რეგისტრირებული.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისშია რეგისტრირრებული, ჯამში, 529.3 ათასი. ხუთულში ასევე შედიან იმერეთი – 209.9 ათასი ავტოსატრანსპორტო საშუალებით; მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი – 161.8 ათასით, მეოთხეზე კახეთი – 145.4 ათასით, მეხუთეზე კი აჭარა – 130.4 ათასით.
რაც შეეხება საწვავის ტიპს, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე მეტი, 635.2 ათასი რეგისტრირებული ავტომობილი ბენზინზე მომუშავე ძრავითაა; 300.8 ათასი – დიზელზე, 154.5 ათასი – ბენზინსა და აირზე; 113.9 ათასი – ჰიბრიდია, 4.1 ათასი – ჰიბრიდი-აირი; ელექტროძრავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა 3.3 ათასია, ხოლო ბუნებრივ აირზე 1.1 ათასი ავტომობილი მუშაობს.
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია როგორც რეგისტრირებულ ავტომობილთა რაოდენობაა, ასევე მფლობელთა რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ავტომობილი რეგისტრირებულია 1.400 მლნ ფიზიკურ და 163.2 ათას იურიდიულ პირზე. რაც შეეხება ავტომობილების ასაკს, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1.296 მლნ ავტომობილი ათი და მეტი წლისაა.