საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი 8 მარტს კოვიდპროტოკოლის ყველა წესის დაცვით გაიხსნა, გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.
„გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა, ზუსტად მოხდეს იმის დათვლა, თუ რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა მთას.
2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134 183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბილეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78 462 შეადგინა.
2021 წლის სეზონზე გუდაურის სათხილამურო არეალს 83 055, ბაკურიანისას – 35 166, გოდერძის – 7 262, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8 700 ვიზიტორი სტუმრობდა“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.