2021 წლის ნობელის პრემია მედიცინაში ტემპერატურისა და შეხების აღმქმელი რეცეპტორების აღმომჩენ ორ მეცნიერს გადაეცა — #1tvმეცნიერება
2021 წლის ნობელის პრემია მედიცინაში ტემპერატურისა და შეხების აღმქმელი რეცეპტორების აღმომჩენ ორ მეცნიერს გადაეცა — #1tvმეცნიერება

2021 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ორ ამერიკელ მეცნიერს – დევიდ ჯულიუსსა და არდემ პატაპუტიანს გადაეცა; ჯილდო მათ ტემპერატურისა და შეხების რეცეპტორების აღმოჩენისათვის მიიღეს. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ აღმოჩენამ შეიძლება ახალი ტკივილგამაყუჩებლების შექმნა გააადვილოს.

„აღმოჩენამ გაგვაგებინა, რომ სითბოს, სიცივესა და მექანიკურ ძალას შეუძლია წარმოშვას ნერვული იმპულსები, რომელთა საშუალებითაც შევიგრძნობთ და ვეგუებით გარემოს ჩვენ გარშემო. ეს ცოდნა გამოიყენება დაავადებათა ფართო სპექტრის, მათ შორის ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ“, — აღნიშნავს შვედეთის სამეფო ინსტიტუტის ნობელის ასამბლეა, რომელიც პრემიას ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში გასცემს.

ასამბლეის განცხადებით, ეს უდიდესი აღმოჩენები ორმა მკვლევარმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გააკეთა და საფუძვლად დაედო ინტენსიურ კვლევით საქმიანობებს, რომლებმაც სწრაფად გაზარდეს ჩვენი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიგრძნობს ნერვული სისტემა სითბოს, სიცივესა და მექანიკურ სტიმულს.

პრემიის ოდენობა 10 მილიონი შვედური კრონაა (1,15 მილიონი აშშ დოლარი).

ნობელის პრესტიჟული პრემია გაიცემა მიღწევებისთვის მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის განმტკიცებაში; დააფუძნა დინამიტის გამომგონებელმა, შვედმა ბიზნესმენმა ალფრედ ნობელმა. პრემია 1901 წლიდან გაიცემა. 1969 წელს პირველად გაიცა პრემია ეკონომიკის დარგშიც.

ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში წელს ორ ლაურეატს შორის თანაბრად გაიყოფა. ამ დარგის პრემია ხშირად ექცევა ლიტერატურისა და მშვიდობის განმტკიცების დარგების ჩრდილში, რომელთა მიმღებები ხშირად უფრო ცნობილი პირები არიან.

თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო, მედიცინა ბოლო დროს განსაკუთრებით წინა პლანზეა; ზოგიერთი მეცნიერის აზრით, წელს ნობელის პრემია ამ დარგში შესაძლოა გადასცემოდათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელებს.

პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია, სტოკჰოლმში არ იმართება ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონია.

წლევანდელი ერთ-ერთი ლაურეატი, არდემ პატაპუტიანი 1967 წელს ლიბანში დაიბადა, სომეხი მშობლების ოჯახში. შვილთან ერთად, ისინი მალევე ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ. პატაპუტიანი ამჟამად Scripps Research-ის პროფესორია, წარსულში კი კვლევებს აწარმოებდა კალიფორნიის ინსტიტუტსა (სან ფრანცისკო) და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

 

მან აღმოაჩინა ის უჯრედული მექანიზმი და ფუძემდებელი გენი, რომლებიც ჩვენს კანზე მოდებულ მექანიკურ ძალას ელექტრონულ ნერვულ სიგნალად თარგმნიან.

მეორე ლაურეატი – 65 წლის პროფესორი დევიდ ჯულიუსი ნიუ იორკში დაიბადა; არის კალიფორნიის ინსტიტუტის (სან-ფრანცისკო) პროფესორი, იქამდე კი კოლუმბიის უნივერსიტეტში (ნიუ-იორკი) საქმიანობდა.

კანის მიერ ტემპერატურის შეგრძნების შესახებ მის მიერ გაკეთებული აღმოჩენის საფუძველი გახდა, თუ როგორ რეაგირებდა ჩვენი ზოგიერთი უჯრედი კაპსაიცინზე — მოლეკულაზე, რომელიც ცხარე წიწაკას სიმწარეს აძლევს სიცხის ყალბი შეგრძნების საფუძველზე.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.