2021 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის მაჩვენებელი 22 პროცენტამდე გაიზარდა
2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა და 22.1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.7 პროცენტით.