2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ [ვიდეო]
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ.
„ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფერონავი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო – კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ სიკეთეებს მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით.
„ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე შემოვლენ და დაიწყებენ ოპერირებას, რადგან ისინი უკვე არსებული მობილური ოპერატორების, „მაგთიკომი“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ ქსელის გამოყენებით მიაწვდიან მომხმარებელს მომსახურებას. ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენა მომხმარებლებისთვის მობილური მომსახურების არჩევანის გაზრდას უზრუნველყოფს და ეტაპობრივად აისახება, როგორც მომსახურების ხარისხზე, ისე – ფასებზე.
მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1 300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61 %-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO აბონენტები 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18 %-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40 %-ზე მეტით გაიზრდება.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით, კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვლად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან.
MVNO-ს აქვს რეალური შესაძლებლობა, შექმნას დაბალ შემოსავლიან მომხმარებელზე, ან მცირე ზომის ბიზნესზე და სტარტაპებზე მორგებული პროდუქტები და ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, აგრარული სექტორი ასევე ჯანდაცვა და ე.წ. ჭკვიანი ქალაქები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ხელი შეუწყოს ადგილობრივი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.