მამუკა ბახტაძე - 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება
2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, გორსა და თბილისში ბინებით დაკმაყოფილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გორში წლის ბოლომდე ბინას მიიღებს დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი.
„2019 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასულ წელს განვიხილეთ, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გავაკეთეთ სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის საკითხზე. 2020 წლისთვის ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომლის წინაშეც სახელმწიფოს კონტრაქტის საფუძველზე აქვს ვალდებულება, დაკმაყოფილდება ბინებით როგორც გორში, ისე თბილისში.
გორში უკვე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების რემონტი და წლის ბოლომდე, ბინას მიიღებს დაახლოებით 180 სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ამასთან, თბილისში ვიწყებთ ორი ახალი კორპუსის მშენებლობას და მომავალ წელს 480-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეს გადავცემთ ბინებს.
2013 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილეთ 1 700-ზე მეტი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.