2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ, განსხვავებულ წესზე გადადის, – ამის პარტიის ლიდერებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს.
დავით ბაქრაძის თქმით, ეს წესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებასა და მერიტოკრატიის დაფუძნებას, რაც თანამედროვე, დინამიური და დასავლური ტიპის პარტიისთვის აუცილებელია.
„აღნიშნული წესის მიზანია, სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და მთავარი კრიტერიუმი კონკრეტული ადამიანების მიმართ ამომრჩევლის ნდობა იყოს. პარტიის ლიდერები, პარლამენტის წევრები, პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები და წევრები თანაბარ კონკურენციაში იქნებიან. გამონაკლისია მხოლოდ პარტიის თავჯდომარე, რომელიც სიის პირველი ნომერია, ახალი სახეები და კოალიციური პარტნიორები.
პარლამენტში მოსახვედრად კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი. კონკურენცია გაიმართება ორ კომპონენტად: პირველი – რაიონული ორგანიზაციები. მეორე – პარტიის მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატები. პარტიის ლიდერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ორივე კონკურენციაში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია შეეცდება შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში შევიდეს თუმცა, უარის შემთხვევაში, ამ წესს შიდა პარტიული რეგულაციით აამოქმედებს.