2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური არჩევნების 25-ე დღის ნაცვლად, მესამე შაბათს გაიმართება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის 31 აგვისტოს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად, ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც არჩევნებიდან მესამე შაბათს იმართება.
მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომელთაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
კანონპროექტით კონკრეტდება ისიც, რომ თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.