სესხების გაცემის მიმართულებით ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს
საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.
დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.
ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკრედიტების პროცესში შემცირდება ადმინისტრაციული ტვირთი და რისკების შეფასებაში ბანკები უფრო მოქნილი იქნებიან.