2020 წლის ევროვიზიის გაუქმების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიის მაყურებელს 16 მაისს ახალ შოუს შესთავაზებს
2020 წლის ევროვიზიის გაუქმების გამო, ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ევროვიზიის მაყურებელს 16 მაისს შესთავაზებს ახალ შოუს, სახელწოდებით Europe! Shine A Light.
შოუს 46 ტელეკომპანია გადასცემს პირდაპირ ეთერში, მათ შორის საქართველოს პირველი არხიც.
პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე 16 მაისს, 23:00 საათიდან დაიწყება. შოუში მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის მონაწილე, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანიც. ახალ შოუში მონაწილეობას მიიღებენ ევროფესტივალის გასული წლების გამარჯვებულებიც.
როგორც შოუს ორგანიზატორები იუწყებიან, აღნიშნულ შოუს ნამდვილად შეუძლია, გააერთიანოს 2020 წლის ევროვიზიაზე მონაწილე 41-ვე ქვეყანა. ორგანიზატორების თქმით, ეს იქნება დაუვიწყარი ორსაათიანი შოუ, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ნიდერლანდების სატელევიზიო სტუდიიდან და მას უმასპინძლებენ შანტალ იანზენი, ედსილია რომბლი და ჯენ სმიტი.
შოუს ორგანიზატორების განცხადებით, ამით სათანადო წესით პატივს მიაგებენ კორონავირუსით დაზარალებულ ადამიანებს და მათ, ვინც ამ კრიზისის გასამკლავებლად ბევრს მუშაობს. ასევე ეს იქნება ალტერნატიული გზა, 2020 წლის ევროვიზიაზე ყველა, 41-ვე ქვეყნის წარმომადგენლისთვის, რომლითაც მთელ მსოფლიოში დაამყარებენ კავშირს მილიონობით აუდიტორიასთან.