2020 წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის სარეზერვო ფულის მოცულობა 276.9 მილიონი ლარით გაიზარდა
2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 276.9 მლნ ლარით (5.62 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 5.2 მლრდ ლარი შეადგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 12.5 პროცენტს გაუტოლდა.
ამასთან, დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციებით გაყიდა 49.8 მლნ აშშ დოლარი.
„შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა დეკემბერში 17.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 32.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. დეკემბერში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 154.1 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,450.9 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.