2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას პარტია 5 ათასი ხელმოწერით შეძლებს, 22-მდე პარტია კი ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება
პოლიტიკური პარტია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვების შემდეგ შეძლებს.
შესაბამისი ცვლილება კონსტიტუციის დებულებაში შედის.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია და ის პოლიტიკური პარტია კი, რომელმაც 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 ათასი ხმა მაინც მიიღო, 5 ათასი ხელმოწერის შეგროვების ვალდებულებისგანაც გათავისუფლდება.
საუბარია დაახლოებით 22 პარტიაზე. კობახიძე განმარტავს, რომ ზღვარი დაბლა ერთჯერადად დაიწევს, რაც პანდემიის გათვალისწინებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს.
„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის ძირითად დებულებებში დადგენილია ნორმა, რომლის თანახმადაც, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ავტომატურად ენიჭება პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არის პარლამენტში წარმოდგენილი მისი წარდგენით არჩეული დეპუტატით. ასევე, სხვა პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ უკვე 25 ათასი ხელმოწერის შეგროვება. ჩვენ კონსულტაციების საფუძველზე გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი დაბლა დაგვეწია ერთჯერადად, რაც განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ამ პანდემიის გათვალისწინებით. 5 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება ევალება პოლიტიკურ პარტიას იმისთვის, რომ მან მონაწილეობა მიიღოს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ამ 5 ათასი ხელმოწერის შეგროვების ვალდებულებისგანაც თავისუფლდება ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია და ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15 ათასი ხმა მაინც მიიღო. ეს არის ჯამში თუ არ ვცდები, 22 პოლიტიკური პარტია. 19 კვალიფიციური, დამატებით სამი პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისუფლდება ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.