2020 წლიდან შვიდ ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას დაიწყებენ
2020 წლიდან შვიდ ქვეყანაში საქართველოს ეკონომიკური დესპანები მუშაობას დაიწყებენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკური დესპანები იმუშავებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ჩინეთში, იაპონიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დესპანებთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა და შვიდი ადგილისთვის ამ დროისთვის 50 ადამიანი იბრძვის.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კანდიდატების შერჩევა მოხდება, სამინისტროში შექმნილი კომისიის წევრები მათ გაესაუბრებიან, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიზნესსექტორის წარმომადგენელიც.
ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ ეს პროექტი ამ ეტაპზე საპილოტე პროგრამაა, კანდიდატების შერჩევის პროცესი კი, შემოდგომისთვის დასრულდება, რის შემდეგაც მათ ტრენინგი ჩაუტარდებათ და საქმიანობას 2020 წლიდან დაიწყებენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის საქართველოს ყველა საელჩოში გამოყოფილია თითო ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკურ მიმართულებაზე, მათ აქვთ კონკრეტული გეგმა და მუშაობენ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
ამასთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან უცხოელებისთვის ინფორმაციას აწვდიან ქართულ პროდუქციაზე, ტურიზმზე, სატრანსპორტო დერეფნებზე და ასე შემდეგ.