2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს, – ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკრეტული საგნებისთვის უნივერსიტეტმა შეიძლება სხვადასხვა ბარიერი განსაზღვროს.
„თითოეულ საგანში კონკრეტული პროგრამისთვის ბარიერს უნივერსიტეტი დაადგენს. კონკრეტული საგნებისთვის მან შეიძლება სხვადასხვა ბარიერი განსაზღვროს. თუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ პროგრამაზე, მათემატიკაში ძალიან მაღალი ქულა იყოს, მაღალ ბარიერს დავაწესებ, ხოლო თუ რომელიმე საგანი ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ბარიერს მაქსიმალურს დავწერ. უნივერსიტეტი აღარ იტყვის, რომ აქ სახელმწიფომ შეზღუდა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
ცვლილებების მიხედვით, სავალდებულოა მესამე საგნად ისტორიისა ან მათემატიკის ჩაბარება.
იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტს აირჩევს აბიტურიენტი, ის ვალდებული იქნება მესამე საგნად ისტორიის ჩაბარება. ტექნიკური მიმართულების არჩევის შემთხვევაში კი, აბიტურიენტი მათემატიკის გამოცდას ჩააბარებს.
ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისათვის.