2019 წლის სექტემბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოში საინფორმაციო პროექტს განახორციელებს
2019 წლის სექტემბრიდან დიდი ბრიტანეთი საქართველოში საინფორმაციო პროექტს იწყებს, რომელიც საქართველოში ბრიტანული კულტურის, განათლების, ბიზნესისა და სპორტის მიღწევების დემონსტრირებას გულისხმობს. ამის შესახებ ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, სერ ალან დუნკანმა თბილისში სტუმრობისას, ბრიტანეთის საელჩოს მიღებაზე განაცხადა.
პროექტის ფარგლებში კინოსა და მუსიკის მიმართულებით საქართველოში ფესტივალები, გამოფენები, მასტერ-კლასები, დისკუსიები, ლექციები ჩატარდება. ასევე, საქართველოში პირველად გამოიფინება დავით აღმაშენებლის ერთადერთი აქამდე შემორჩენილი მონეტა, რომელზეც დავით მეფეა გამოსახული და რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.
პროექტის კულტურულ ნაწილს ბრიტანეთის საბჭო განახორციელებს, სხვა მიმართულებები კი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს კომპეტენცია იქნება.პროექტის ძირითადი ბენეფიციარები ახალგაზრდები იქნებიან, 18-35 წლის მოქალაქეები.
„საქართველოში ბრიტანული სეზონით გვსურს, დავეყრდნოთ ჩვენს მჭიდრო და ხანგრძლივ მეგობრობას, ასევე სამომავლოდ დავსახოთ თანამშრომლობის ახალი ჰორიზონტი. მოხარული ვარ, რომ პროგრამა საშუალებას გვაძლევს, ქართულ საზოგადოებას საუკეთესო პოზიციიდან წარვუდგინოთ ბრიტანული კულტურის, განათლების, სპორტის მიღწევები“, – აღნიშნა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზ სმიტმა.