2019 წლის პირველი იანვრიდან სამშენებლო მასალებსა და სათამაშოებზე სახელმწიფო კონტროლი ამოქმედდება
2019 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალების ნაწილი კონტროლს დაექვემდებარება. კონტროლის წესები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშია გაწერილი, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა.
როგორც ეკონომიკის სამინისტროში პირველ არხს განუმარტეს, ჯერ დაზუსტებული არ არის რომელი პროდუქცია დაექვემდებარება შემოწმებას, თუმცა სავარაუდო ჩამონათვალშია არმატურა, ცემენტი, კაბელები და წყლის პლასტმასის მილები. ასევე იგეგმება კონტროლის განხორციელება სათამაშოებსა და პერსონალური დაცვის საშუალებებზე (ეკიპირება, სპეციალური ხელთათმანები და ა.შ. ) რაც შეეხება საღებავებსა და ლაქებს, მათი შემოწმების დაწყების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
კანონის თანახმად, კონტროლის აღმასრულებელი ორგანოა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.
კანონის თანახმად, საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება:
რისკის ანალიზის საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით;
თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს;
თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს;
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით.
დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.
ამასთან, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა.
თუ სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი არ შეესაბამება სტანდარტებს ან შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ოპერატორს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე.
ხოლო თუ გამოვლინდა დოკუმენტური ან ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა.
თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის ან/და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ.
თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა, ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და გარემოსთვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ.
თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
რაც შეეხება სანქციებს, ის, დარღვევების ხარისხის მიხედვით, გამოიწვევს ოპერატორის დაჯარიმებას 1000-დან 7 ათას ლარამდე თანხით.