2019 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4.3 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.7 პროცენტით გაიზარდა და 31.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 36.2 პროცენტი, საშუალოზე – 27.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 36.5 პროცენტი.
2019 წლის IV კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 713.9 ათასით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.3 პროცენტით აღემატება.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.7 პროცენტი ქალია, ხოლო 58.3 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.
სამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის IV კვარტალში საშუალო ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი თვეში 1 404.7 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 86.0 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 1 048.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 71.1 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო ხელფასი თვეში შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 365.9 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 603.3 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 325.7 ლარი.