2019 წელს საქართველოში უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები იგეგმება
2019 წელს საქართველოში უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები იგეგმება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ლევან იზორიამ ვრცლად ისაუბრა მარტში დაგეგმილ სწავლებაზე, რომელში მონაწილეობის მიღების სურვილი ნატო-ს 22-მა წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა.
„რაც შეეხება ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, ის იქნება სამეთაურო-საშტაბო სწავლება. შესაბამისად, დამატებით სამხედრო ტექნიკას არ ველოდებით. ხოლო, ქვეყნების მონაწილეთა რაოდენობას რაც შეეხება, უკვე 22-მა ნატო-ს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა.
ასე რომ, ეს იქნება ფართომასშტაბიანი ქვეყნების ჩართულობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ხაზგასასმელი გარემოება მინდა აღვნიშნო – პირველად საქართველოს ისტორიაში ეს სწავლებები ჩატარდება საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით. კერძოდ, წვრთნებისა და შეფასების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი იქნება პასუხისმგებელი ამ სწავლების ჩატარებაზე”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სწავლება დასავლეთ საქართველოში ჩატარდება.
„2019 წელს ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში რეგიონული თვალსაზრისით უპრეცედენტო სწავლებას – „მტკიცე სული“ – Agile spirit სწავლებას, სადაც გვსურს, რომ გაცილებით მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე ეს შარშან იყო და ამის მზაობა უკვე ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა. დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ისტორიაში პირველად ასეთი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება”, – განაცხადა იზორიამ.