2019 წელს საქართველოდან ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი კი, 0.8 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია.
მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 3 771.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს – 12.4 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ. აშშ დოლარს – 0.8 პროცენტით ნაკლები.
გასულ წელს საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, 2018 წელთან შედარებით, 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2 352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს 686.7 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 651.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები – 303.0 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წელს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით იყო წარდგენილი, რომლის იმპორტმა 757.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები – 653.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეს – სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 603.7 მლნ აშშ დოლარის იმპორტით.