2019 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარი დაიხარჯება
2019 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 330 595 589 ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ განაცხადა.
გუბერნატორი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და 2019 წელს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადებზე გაამახვილა.
„ჩემი მოთხოვნა არის როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ასევე, სამშენებლო კომპანიების მიმართ, რომ ტენდერების მოგების შემთხვევაში, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა დაასრულოს მოცემულ პერიოდში, რათა მოსახლეობას დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შეექმნას. ჩვენ თითოეულ კომპანიას მოგეცით საშუალება, გქონდეთ წარმოდგენა, რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი რეგიონში. შეგიძლიათ, გააკეთოთ სწორი ანალიზი და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღოთ მონაწილეობა ტენდერებში“, – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
2018 წელს იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 157 625 222 ლარი დაიხარჯა.