მთავრობამ 2019-2021 წლების გაზიფიცირების გეგმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია. დაგეგმილი სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება 209 მილიონ ლარს შეადგენს.
გაზიფიცირება აჭარის, სამეგრელოსა და სხვა რეგიონების მაღალმთიან სოფლებშია დაგეგმილი. აქედან, ზოგიერთ მათგანში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა.
„გაზიფიცირება არა მხოლოდ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, ასევე გათბობის მიზნით ხე-ტყის ჭრას შეამცირებს. მნიშვნელოვანია, რომ გაზიფიცირება განხორციელდება ისეთ დასახლებულ პუნქტებშიც, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს“, – აცხადებენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში.