2018 წლის თბილისის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზრდება, – ამის შესახებ ქალაქის მერმა კახა კალაძემ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინანსთა სამინისტროში მამუკა ბახტაძემ და კახა კალაძემ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები განიხილეს.
“მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს, რადგან დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დამატებით 60 მილიონი ლარი გამოყო”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თანხები კონკრეტულ პროექტებზე იქნება მიმართული, კერძოდ, მეტროსადგურის რეაბილიტაციასა და ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას მოხმარდება.
“2018 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება, რადგან ვიწყებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელზეც მოსახლეობას დაპირება წინასაარჩევნოდ მივეცით”, -განაცხადა კალაძემ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ შეისწავლა თბილისის მერიის განსახორციელებელი მნიშვნელოვანი პროექტები, ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დედაქალაქის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით გაიზარდოს.
“დღეს შევთანხმდით ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის განხორციელება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი ჯამში 875 მილიონი ლარი იქნება.