2018 წლის მარტიდან დღემდე სამშენებლო დარღვევებისთვის 34 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი
2018 წლის მარტიდან დღემდე სამშენებლო დარღვევებისთვის 34 მილიონი ლარის ჯარიმაა გამოწერილი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, საჯარიმო სანქციები მეტწილად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსზეა გამოწერილი.
„მინდა, გავიხსენო რამდენიმე პოლიტიკოსის სკეპტიკური დამოკიდებულება ჩვენს შარშანდელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ საერთოდ არ გამოიწერება ჯარიმები და აყვავდება კორუფციაო. რა თქმა უნდა, ეს პირიქით მოხდა, არ აყვავდა კორუფცია და ჯარიმები საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით იქნა გამოწერილი. დღევანდელი ცვლილების კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის სახით გადახდილი არც ერთი ლარი არ არის იმ ზარალის საპირწონე, რომელსაც სამშენებლო კომპანიები უკანონო მშენებლობების ან დარღვევების სახით აყენებენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. სწორედ აქედან გამომდინარე ეს დარღვევები გადავა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.