2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტების გამოწერა კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება
2018 წლიდან ელექტრონული რეცეპტების გამოწერა კლინიკებისთვის სავალდებულო ხდება

ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოს მოიცავს.

პროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. მინისტრის განცხადებით, ეს იქნება სელექციური კონტრაქტირების კიდევ ერთი კრიტერიუმი. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ კლინიკები, რომლებიც ელექტრონული რეცეპტის გამოწერის პრაქტიკაზე არ გადადავლენ.

„სამინისტრო ხელშეკრულებას გააფორმებს მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში ჩაერთვებიან“, -აღნიშნა მინისტრმა.

პროექტის ფარგლებში ყველა მსხვილი ქსელური ფარმაცევტული კომპანიისა და 15-მდე კერძო აფთიაქის წარმომადგენლები გაეცნენ ელექტრონული რეცეპტების სისტემას. ტრენინგი თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტ ექიმს ჩაუტარდა. შეიქმნა სახელმწიფო ელექტრონული რეცეპტების სისტემის გამოყენების ელექტრონული და ვიდეო ინსტრუქციებიც. 

ექიმებისთვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია რეგიონებშიც. 

დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული. 

ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვის მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ბავშვზე ზრუნვის პროგრამები, რომლებსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ მოდულზე, რაც ამ ასაკობრივი ჯგუფის ზრდისა და განვითარების მიმართულებით მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა.