2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე აბიტურიენტები არჩევით საგნებში გამოცდას ქართულ ენაზე ჩააბარებენ. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ მათთვის, ვინც განათლებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იღებს. ამას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება გულისხმობს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში.
ცვლილებები შედის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ აბიტურიენტს, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უფლება აქვს გამოცდა მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და სამოქალაქო განათლებაში ჩააბაროს რუსულ ენაზე.
„2018 წლისთვის დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენრტიც. ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში მითითებულია, რომ 2018 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებზე არჩევით საგნებში გამოცდა მხოლოდ ქართულ ენაზე ჩატარდება და ეს წესი მხოლოდ იმ აბიტურიენტებს არ შეეხებათ, რომელთაც განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ მიღებული, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენრტის ინფორმაციით ცვლილება არ შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას. გამოცდა ჩატარდება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ და რუსულ ენებზე“, – აღნიშნულია ბრძანებაში.