2018 წელს უმუშევრობის დონე წლიურად 1.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო მეოთხე კვარტალში მცირედით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტით 12.7 პროცენტამდე შემცირდა.
საქსტატის ინფორმაციით, ბოლო 9 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენციაა. ამასთან, 2018 წელს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალ დონეზეა.
ამავე კვლევის მიხედვით, 2018 წლის მე-4 კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.6 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე შემცირებულია 0.7 პროცენტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3 პროცენტით ნაკლები.
ამასთანავე, 2018 წლის მე-4 კვარტალში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.7 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით მცირეა წინა კვარტალთან შედარებით.
საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის IV კვარტალში, წინასთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცების შემთხვევაში. 2018 წლის მე-4 კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალთა შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალების შემთხვევაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.