ვიზალიბერალიზაცია – თუ უახლესი ისტორია 2017 წელს რამით დაიმახსოვრებს, ყველაზე მეტად ახლოს მოსული ევროპით. 2 თებერვალს კენჭისყრაზე ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა. 553 მომხრე და 66 წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულებულმა კენჭისყრამ საქართველოსთვის ევროპის საზღვრები გახსნა. გადაწყვეტილება კი ძალაში 28 მარტიდან შევიდა – ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა პირველად გადაკვეთეს ევროპის საზღვარი უვიზოდ. საქართველოს მოქალაქის პასპორტით კი როგორც უკვე პრივილეგირებული სამგზავრო დოკუმენტით, თავს იწონებდნენ უბრალო მოქალაქეებიცა და უმაღლესი ხელისუფლების პირებიც.
მაიკ პენსის ვიზიტი – 2017 წელს საქართველოს არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრა, თუმცა წლის მთავრი სტუმრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 31 ივლისს დაეშვა. სანამ შეერთებული შტატების იმჟამად ახალი ვიცე-პრეზიდენტი საპრესკონფერენციო დარბაზში შევიდოდა, ბუნებრივია, იყო მოლოდინი რომ მაიკ პენსს საქართველოს მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები ექნებოდა, თუმცა განცხადებებში პენსი წინამორბედებზე უფრო მკაფიო და პრინციპული გამოდგა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა, ვიზიტისას ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეცდება.
თვითმმართველობის არჩევნები – 2017 წლის 21 ოქტომბერი ქვეყნის ცხოვრებაში მორიგი ერთი მნიშვნელოვანი თარიღი იყო, როდესაც მოქალაქეები კიდევ ერთხელ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და თავად გადაწყვიტეს ვისთვის ენდოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში 59 მუნიციპალიტეტისა და 5 თვითმმართველი ქალაქის სადავეები. თითქმის ყველა ოლქში არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო, მათ შორის დედაქალაქშიც – ასე გადაინაცვლა ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტიდან დედაქალაქის მერის თანამდებობაზე.
კონსტიტუცია – 2017 წელს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შესაძლოა საკონსტიტუციო წელიწადიც ეწოდოს. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რედაქცია უნდა მოემზადებინა, თუმცა უთანხმოების გამო მუშაობის დასასრულს კომისია ოპოზიციის წარმომადგენლებმა დატოვეს.
უთანხმოება ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა პრეზიდენტის არჩევის წესი და პროპორციული სისტემის ამოქმედების თარიღი, გრძელდებოდა საყოველთაო სახალხო და საპარლამენტო განხილვების პერიოდშიც. საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეირ მხარდაჭერილ დოკუმენტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა მმართველმა გუნდმა ვეტოც დაძლია და კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიიღო.
მთავრობის ოპტიმიზაცია – წლის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრშიც პარლამენტი აღმოჩნდა, რომელმაც მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმა მიიღო. ოთხით შემცირდა სამინისტროებისა და მინისტრების რაოდენობა, რის შემდეგაც მთავრობის განახლებული და შემცირებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გახდა საჭირო.