2017 წლის ექვს თვესთან შედარებით აეროპორტებში მგზავრთნაკადი 30.79%-ით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 94.23%-ით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2 103 149 მგზავრს მოემსახურა.
მათვე მონაცემებით, გასული წლის ექვს თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 30.79%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 94.23%-ით არის გაზრდილი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 675 058 მგზავრს მოემსახურა, რაც 30.13%-ით (387 830 მგზავრით) მეტია, ვიდრე გასული წლის ექვსი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;
მათვე ინფორმაციით, გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 190 279 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 42.62%-ით (56 861 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (133 418 მგზავრი);
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27.81%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 234 774 მგზავრი – 51 091 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში;
მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 1 952-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 10 720, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 9 304, ხოლო ჩარტერების 1 416. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 22.26%-ს შეადგენს.
სააგენტოს მონაცემებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები ხორციელდება კვირაში დაახლოებით 540-550 სიხშირით. 2017 წლის ზაფხულის სეზონზე – პიკურ პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, ფრენები სრულდებოდა კვირაში დაახლოებით 470 სიხშირით.
10.93%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმა. 2017 წლის ექვსთვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 65 992, მიმდინარე წლის განვლილ თვეებში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 73 207 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ, EUROCONTROL-ის მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელი მეორე კვარტალისთვის ჯამურად 6.7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, პირველად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ავიაკომპანია “Georgian Airways” – 247 485 მგზავრი 12%;
2. ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 246 021 მგზავრი 12%;
3. ავიაკომპანია “Wizz Air” – 223 364 მგზავრი 11%;
4. ავიაკომპანია “Fly Dubai” – 110 757 მგზავრი 5%
5. ავიაკომპანია “Ukraine International Airlines” – 109 529 მგზავრი 5%