2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 420 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა
2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლოში 420 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2017 წელს 420 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა, როცა 2016 წელს ეს რიცხვი 158-ს აღწევდა.

შედარებისთვის, 2011 წელს ქვეყანაში მხოლოდ 13 კონსტიტუციური სარჩელი იყო დარეგისტრირებული.

მონაცემები საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიშში გამოქვეყნდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 14 მარტს წარმოადგინა ინფორმაცია კონსტიტუციური კანონიერების შესახებ, რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას.

დოკუმენტში მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისა და პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და დამძლევ ნორმებზე მიღებული განჩინებების ანალიზი და პრაქტიკაში განხორციელებული მნიშვნელოვანი განმარტებები.

ინფორმაცია მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო ღონისძიებების მიმოხილვას, აგრეთვე სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელებისა და წარდგინებების, განხილული დავების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელების სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ 115 სარჩელზე დაასრულა სამართალწარმოება, 94 საქმის განხილვა კი მთლიანად დასრულდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ანგარიში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად გამოქვეყნდა.