2017 წელს ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა გაორმაგდა
2017 წელს ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა გაორმაგდა

2017 წელს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა 44 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშშია აღნიშნული, ოთხ პირს ბრალი წარედგინა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით,  ოთხ პირს – გენდერული იდენტობის ნიშნით, ორ პირს – რელიგიური ნიშნით, 25 პირს – სქესის/გენდერის ნიშნით, ცხრა პირს სხვა ნიშნით (სავარაუდო ნიშანი გენდერული იდენტობა – 6 პირი, სექსუალური ორიენტაცია – 1 პირი, რელიგია – 2 პირი).

ამავე ანგარიშით, 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობა 2017 წელს გაორმაგებულია.

მთავარი პროკურორის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს სიძულვილის მოტივის შესწავლა მიმდინარეობდა 86 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

„კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ნიშანი შესწავლილია – 12 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გენდერული იდენტობის ნიშანი – 37 საქმის, სქესის/გენდერის ნიშანი – 25 საქმის, ეროვნული ნიშანი – 1 საქმის, ეთნიკური ნიშანი -1 საქმის, ხოლო რელიგიური ნიშანი – 10 საქმის ფარგლებში“, – ნათქვამია ანგარიშში.