ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2017 წელს განახევრდა. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანული გამოცემა Westdeutsche Allgemeine Zeitung-ი წერს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებს ლტოლვილის სტატუსის მიღება 650 ათასმა ადამიანმა მოთხოვა, შარშან კი, მათი რაოდენობა 1.2 მილიონს აღწევდა.
სტატისტიკური მონაცემებით, თავშესაფრის მიღებაზე ყველაზე მეტი, 198.2 ათასი განაცხადი გერმანიაში მიიღეს. მეორე ადგილზეა იტალია – 123.6 ათასი განაცხადით; მესამეზე საფრანგეთი – 91 ათასი განაცხადით; მეოთხეზეა საბერძნეთი – 57 ათასი განაცხადით. 2017 წელს ყველაზე ნაკლებად თავშესაფარს სლოვაკეთში, ლატვიასა და ესტონეთში ითხოვდნენ.
გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობასთან შედარებით გერმანიაში ლტოლვილის სტატუსის მიღების მსურველთა რიცხვი შემცირებულია და ეს ტენდენცია 2018 წელსაც გრძელდება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის მარტში თავშესაფარი 11 ათასმა ადამიანმა მოითხოვა, რაც თებერვლის თვესთან შედარებით 1,3 ათასით, ხოლო შარშანდელ თებერვალთან შედარებით, 3,3 ათასით ნაკლებია. ყველაზე მეტი განაცხადი გერმანიამ სირიის, ერაყის და ნიგერიის მოქალაქეებისგან მიიღო.