2012 წლის სინჯებში 13 ძალოსანს დოპინგი აღმოაჩნდა, მათ შორის ორი ქართველია #1TVSPORT
2012 წლის სინჯებში 13 ძალოსანს დოპინგი აღმოაჩნდა, მათ შორის ორი ქართველია #1TVSPORT

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ დამოუკიდებელი ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტზე 13 ათლეტი გამოავლინა, რომელთა შორის ორი ქართველი ძალოსანია.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობის შედეგად 2012 წელს ჩაბარებულ სინჯებზე ანალიზი მეორედ გააკეთა.

სააგენტომ 2012 წლის აპრილში თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აღებული სინჯები გაუმჯობესებული მეთოდით გამოიკვლია. კვლევის შედეგად, 13 სპორტსმენის ორგანიზმში აკრძალული ანაბოლიური სტეროიდები აღმოაჩნდა.

ესენი არიან:

ჰისენ პულაკუ (ალბანეთი)

ანა ბატსიუშკა (ბელარუსი)

დიმიტრის მინასიდისი (კვიპროსი)

ირაკლი თურმანიძე (საქართველო)

რაულ ცირეკიძე (საქართველო)

კრისტინა იოვუ (მოლდოვა)

ფლორინ იონუთ კროიტორუ (რუმინეთი)

რაზვან კონსტანტინ მარტინი (რუმინეთი)

ოქსანა სლივენკო (რუსეთი)

გოქხან კილიჩი (თურქეთი)

ბუნიამი სეზერი (თურქეთი)

ჰათიჩე ილმაზი (თურქეთი)

ფათიჰ ბაიდარი (თურქეთი)

კვლევა გერმანიის ქალაქ კიოლნში, WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო) მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა.

დებულების თანახმად, ძალოსნებს უფლება აქვთ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, თუმცა ვიდრე საქმის წარმოება არ დასრულდება, მათ შეჯიბრებზე გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ.

ირაკლი თურმანიძემ 2012 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე +105კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო რაულ ცირეკიძე -85კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რაულ ცირეკიძის მიერ ნაჩვენები შედეგი (მე-9 ადგილი) გააუქმეს. ცირეკიძის სინჯში ტურინაბოლისა და სტანოზოლოლის კვალი აღმოჩნდა. ორივე ნივთიერება აკრძალულ პრეპარატთა სიაში იყო შეტანილი.

საერთაშორისო ტესტირების სააგენტო 2018 წელს მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოსა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.